რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში?

ბავშვის კვებაში მშობლის, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო გადაწყვეტილება მომავალში მის გემოვნურ ჩვევებზე, საკვების არჩევანსა და ჯანმრთელობაზე აისახება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან ზედმეტი შაქრისა და მარილის თავიდან აცილება.
ხშირად მშობელი ფიქრობს, რომ ცოტა შაქარი ფაფაში პრობლემას არ ქმნის ან წვნიანს თუ მარილს არ დაამატებს, ბავშვს არ მოეწონება. სწორედ აქ ჩნდება პირველი პრობლემა და ბავშვი თანდათან ეჩვევა უფრო ინტენსიურ ტკბილ ან მარილიან გემოს და ბუნებრივად ნაკლებად ტკბილი ან მარილიანი საკვები მისთვის არც ისეთი მიმზიდველი ხდება.
ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ბავშვთა კვებაში დამატებული შაქრისა და მარილის საკითხზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს. მისი შეფასებით, ბავშვისთვის კერძის მომზადებისას მშობელმა საკუთარი გემოვნების მიხედვით არ უნდა გაზარდოს შაქრისა და მარილის რაოდენობა. მიზანი ბავშვისთვის ისეთი კვებითი გარემოს შექმნაა, სადაც საკვების ბუნებრივი გემო თავიდანვე ნაცნობი და მისაღები გახდება.
რატომ არ სჭირდება ბავშვის საკვებს დამატებული შაქარი?
ბავშვს შაქარი ენერგიისთვის სჭირდება, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვაოთ საკვებში ბუნებრივად არსებული შაქრები და დამატებული ან თავისუფალი შაქრები.
ხილი, რძე და სხვა პროდუქტები ბუნებრივ შაქრებს შეიცავს და მათთან ერთად ბავშვი იღებს სხვა მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებსაც. პრობლემურია დიდი რაოდენობით დამატებული შაქარი, რომელსაც ხშირად ვხვდებით ტკბილეულში, ტკბილ სასმელებში, დესერტებში, საუზმის ზოგიერთ პროდუქტში, სოუსებსა და შეფუთულ საკვებში.
WHO რეკომენდაციას აძლევს როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს, თავისუფალი შაქრების მიღება დღიური ენერგიის 10%-ზე ნაკლებამდე შეამცირონ. დამატებითი სარგებლისთვის WHO 5%-ზე დაბლა შემცირებასაც განიხილავს. თავისუფალ შაქრებში შედის საკვებსა და სასმელში დამატებული შაქარი, ასევე თაფლში, სიროფებში, ხილის წვენსა და ხილის კონცენტრატებში ბუნებრივად არსებული შაქრები. ამიტომ ბავშვის ფაფაში, იოგურტში, ხაჭოსა ან სხვა კერძში შაქრის დამატება საჭიროების გარეშე ზრდის მის საერთო მიღებას.
რა ხდება, როცა ბავშვი ტკბილ გემოს ხშირად ეჩვევა?
გემოვნური უპირატესობები ბავშვობაში ყალიბდება და საკვებთან განმეორებითმა ურთიერთობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ რომელი გემოები მოეწონება ბავშვს მომავალში.
თუ ბავშვი მუდმივად იღებს ძალიან ტკბილ საკვებს, ნაკლებად ტკბილი პროდუქტები შეიძლება მისთვის მოსაწყენი აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ სჯობს ბავშვის რაციონში ტკბილი გემო ძირითადად ხილიდან მოდიოდეს, ხოლო ყოველდღიურ საკვებში დამატებული შაქრის გამოყენება მინიმუმამდე შეამციროთ.
დამატებული შაქრის ჭარბი რაოდენობა ბავშვებში დაკავშირებულია სიმსუქნის, კბილის კარიესისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გაზრდილ რისკთან.
მარილი რატომ უნდა შევზღუდოთ?
მარილის მთავარი კომპონენტი ნატრიუმია. ორგანიზმს ნატრიუმი ნამდვილად სჭირდება, თუმცა ჭარბი რაოდენობა ჯანმრთელობისთვის არასასურველია.
ბავშვის რაციონში დამატებული მარილის შემცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან. WHO-ს მიხედვით, 6 თვიდან დაწყებულ დამატებით კვებაში საკვებს მარილი და შაქარი არ უნდა დაემატოს. WHO ასევე ურჩევს ოჯახებს, ბავშვებისთვის შეამცირონ მაღალი შემცველობის მქონე მარილიანი პროდუქტებისა და სასმელების მიღება.
პრაქტიკაში მარილის დიდი ნაწილი შეიძლება მოდიოდეს არა მხოლოდ სახლში მომზადებული კერძებიდან, არამედ დამუშავებული პროდუქტებიდანაც – ძეხვეულიდან, ჩიფსებიდან, მარილიანი კრეკერებიდან, მზა სოუსებიდან, ზოგიერთი ნახევარფაბრიკატისა და სხვა შეფუთული საკვებიდან.
ამიტომ მხოლოდ მარილის ქილაზე უარის თქმა საკმარისი სტრატეგია ვერ იქნება. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს პროდუქტის შემადგენლობაზეც.
„თუ მე მომწონს, ბავშვსაც მოეწონება“ – რატომ არ მუშაობს ეს მიდგომა?
ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა ბავშვისთვის კერძის მომზადება ოჯახის უფროსების გემოვნების მიხედვით.
ზრდასრული ადამიანი შეიძლება უკვე მიჩვეული იყოს შედარებით მარილიან ან ტკბილ საკვებს, ხოლო ბავშვის გემოვნური გამოცდილება კი ჯერ კიდევ ყალიბდება.
თუ ოჯახის წევრებს კერძი უმარილოდ ეჩვენებათ, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ბავშვის ულუფას მარილი უნდა დაემატოს. პირიქით, ბავშვმა შესაძლოა თავიდანვე მიიღოს პროდუქტის ბუნებრივი გემო და დროთა განმავლობაში სწორედ მას მიეჩვიოს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ბავშვისთვის ფაფას, ბოსტნეულის პიურეს, წვნიანსა ან სხვა ყოველდღიურ კერძს ამზადებთ.
შეუძლია თუ არა შაქარმა და მარილმა ჭარბ წონამდე მიგვიყვანოს?
ჭარბი წონის განვითარება ერთი კონკრეტული პროდუქტის შედეგი იშვიათადაა. მასზე გავლენას ახდენს ბავშვის საერთო კვება, ფიზიკური აქტივობა, ძილი, გარემო, ოჯახური ჩვევები და სხვა ფაქტორები.
ამასთან, დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი პროდუქტები და განსაკუთრებით ტკბილი სასმელები კალორიების მიღებას მნიშვნელოვნად ზრდის. WHO აღნიშნავს, რომ შაქრიანი სასმელების ხშირი მიღება ბავშვებში ჭარბ წონასა და სიმსუქნესთან ასოცირდება.
ტკბილი სასმელი განსაკუთრებით პრობლემურია იმ მიზეზით, რომ ბავშვს შეუძლია მოკლე დროში მიიღოს საკმაოდ დიდი რაოდენობით შაქარი, თანაც სითხე ხშირად ისეთივე დანაყრების შეგრძნებას ვერ იწვევს, როგორსაც მყარი საკვები.
ამიტომ ყოველდღიური სასმლის საუკეთესო არჩევანი, უმეტეს შემთხვევაში, წყალია. ასაკისა და ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი რძესა და სხვა ნოყიერ სასმელებსაც შეიძლება ჰქონდეს.
6–9 წლის ასაკი – რატომ არის ეს პერიოდი მნიშვნელოვანი?
6–9 წლის ასაკში ბავშვი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის: იწყება ან აქტიურად მიმდინარეობს სასკოლო ცხოვრება, იცვლება დღის რეჟიმი, იზრდება დამოუკიდებლად საკვების არჩევის შესაძლებლობა და ზოგიერთ შემთხვევაში მცირდება ფიზიკური აქტივობაც.
ბავშვობაში არსებული ჭარბი წონა და სიმსუქნე შემდგომ ასაკშიც ჯანმრთელობის პრობლემების რისკს ზრდის. WHO ხაზს უსვამს, რომ ბავშვობის პერიოდში არაჯანსაღი სხეულის წონა ზრდის მოგვიანებით სიმსუქნისა და არაგადამდები დაავადებების განვითარების რისკს.
აქედან გამომდინარე, 6–9 წლის ასაკში ბავშვის წონის ცვლილების იგნორირება კარგი სტრატეგია არ იქნება.
„სკოლაში წავიდა და მოიმატა“ – საკმარისი ახსნაა?
სკოლაში გადასვლა ნამდვილად ცვლის ბავშვის ყოველდღიურობას, თუმცა წონის მატებას მხოლოდ ცხოვრების რეჟიმის ცვლილება არ უნდა დავაბრალოთ.
მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს:
- რამდენად ხშირად ჭამს ბავშვი დღის განმავლობაში;
- რას ჭამს სკოლაში;
- რამდენად ხშირად იღებს ტკბილ სასუსნავებს;
- სვამს თუ არა ტკბილ სასმელებს;
- რამდენ დროს ატარებს ეკრანთან;
- რამდენად აქტიურია დღის განმავლობაში;
- როგორ სძინავს;
- ჭამს თუ არა მოწყენილობის, გაბრაზებისა ან ტირილის დროს.
WHO-ს 2025 წლის COSI ანგარიშიც მიუთითებს, რომ 6–9 წლის ბავშვებში კვებითი ჩვევები და ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვან ყურადღებას საჭიროებს. ანგარიშის მიხედვით, ბავშვების მხოლოდ დაახლოებით ნახევარი გადაადგილდება სკოლამდე აქტიურად.
„არ იტირო და ეს ჭამე“ – როცა საკვები დამამშვიდებელი ხდება
ბავშვის ტირილის შესაჩერებლად ტკბილეულის ან სხვა საკვების მიცემა მშობლისთვის სწრაფი გამოსავალი შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ, თუ ეს ქცევა ხშირად მეორდება, ბავშვმა შეიძლება საკვები ემოციურ მდგომარეობასთან დააკავშიროს და ჩათვალოს, რომ, თუ იტირებს, აუცილებლად მიიღებს საკვებს და დამშვიდდება.
შემდგომში მსგავსი კავშირი შეიძლება ჩამოყალიბდეს მოწყენილობის, გაბრაზების, სტრესისა ან უბრალოდ მოწყენილობის დროსაც. ამიტომ ტკბილეული ბავშვის დამშვიდების, დაჯილდოებისა ან მოსყიდვის მთავარ საშუალებად არ უნდა იქცეს.
თუ ბავშვი ტირის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მიზეზის გარკვევა. შიმშილი, დაღლილობა, ძილის ნაკლებობა, ყურადღების მოთხოვნა, დისკომფორტი ან ემოციური გადატვირთვა სხვადასხვა მიდგომას მოითხოვს.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში?
ჯანსაღი კვება ოჯახში ყოველდღიური ჩვევებით იწყება. მშობელს შეუძლია რამდენიმე მარტივი წესის დაცვით ბავშვის კვებითი გარემო მნიშვნელოვნად შეცვალოს.
ბავშვის ულუფას დამატებულ შაქარს ნუ დაუმატებთ.
თუ პროდუქტში ბუნებრივად არის ტკბილი გემო, დამატებითი შაქარი საჭირო აღარ ხდება. ფაფა, ხილი, რძის პროდუქტები და სხვა საკვები ბავშვს სხვადასხვა ბუნებრივ გემოს აცნობს.
მაქსიმალურად შეზღუდეთ დამატებითი მარილი.
განსაკუთრებით ადრეულ ასაკში ბავშვს მარილის დამატება საჭიროების გარეშე არ სჭირდება. ექიმები პირდაპირ მიუთითებენ, რომ 6 თვიდან დაწყებულ დამატებით კვებაში საკვებს მარილი არ უნდა დაემატოს.
ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის ანოტაციას.
შაქარი და ნატრიუმი შეიძლება იმალებოდეს პროდუქტებში, რომლებსაც მშობელი სასუსნავად ან საუზმედ თვლის.
შეამოწმეთ:
- დამატებული შაქრის რაოდენობა;
- ნატრიუმის შემცველობა;
- ინგრედიენტების სია;
- ულუფის ზომა.
არ აქციოთ ჩვევად ტკბილი სასმელების დალევა
გაზიანი სასმელები, ტკბილი ჩაი, ენერგეტიკული, ტკბილი წვენის შემცველი სასმელები ბავშვის ყოველდღიურ რაციონში ზედმეტი შაქრის ერთ-ერთი წყაროა.
მთლიანი ხილი უკეთესი არჩევანია, ვიდრე მისი წვენი, რადგან ხილთან ერთად ბავშვი ბოჭკოსაც იღებს.
ნუ აიძულებთ ბავშვს, რომ ჯანსაღი საკვები აუცილებლად მოიწონოს.
ბავშვს შეიძლება ახალი ბოსტნეულის ან სხვა პროდუქტის მიღება რამდენჯერმე დასჭირდეს, სანამ გემოს შეეგუება. ახალი საკვების მშვიდად და განმეორებით შეთავაზება უფრო ეფექტური მიდგომაა, ვიდრე დაძალება.
თავად მიეცით მაგალითი.
თუ სახლში უფროსები ხშირად სვამენ ტკბილ სასმელს, ჭამენ ძალიან მარილიან საკვებს და მუდმივად იღებენ ტკბილეულს, ბავშვისთვის განსხვავებული წესების ახსნა რთულდება.
ბავშვები ყოველდღიურ ქცევებს აკვირდებიან. ამიტომ ოჯახის საერთო კვებითი გარემო ბავშვის ჩვევების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია.
როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს წონა აწუხებს?
ასეთ დროს მშობლისთვის მხოლოდ ვიზუალური შეფასება საკმარისი არ არის. ბავშვები სხვადასხვა ტემპით იზრდებიან, ამიტომ სხეულის წონის შეფასებისას ასაკი, სქესი, სიმაღლე და ზრდის დინამიკა უნდა გავითვალისწინოთ.
WHO-ს 5–19 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილ ზრდის მონაცემებში ჭარბი წონა და სიმსუქნე BMI-for-age მაჩვენებლის მიხედვით ფასდება. 5–19 წლის ასაკში ჭარბ წონად ითვლება BMI-for-age-ის +1 სტანდარტულ გადახრაზე მეტი მაჩვენებელი, ხოლო სიმსუქნედ – +2 სტანდარტულ გადახრაზე მეტი.
ამიტომ თუ ბავშვი მოკლე პერიოდში შესამჩნევად იმატებს წონაში, ტანსაცმლის ზომა სწრაფად ეცვლება, ნაკლებად აქტიური ხდება ან კვების ჩვევები მკვეთრად შეიცვალა, სასურველია პედიატრთან ან ბავშვთა შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაცია.
რა არ უნდა გავაკეთოთ, როცა ბავშვს ჭარბი წონა აქვს?
ბავშვისთვის მკაცრი დიეტის თვითნებურად დანიშვნა, საკვების აკრძალვა ან წონის გამო შერცხვენა გამოსავალი არ არის. მიზანი უნდა იყოს ბავშვის ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ასაკისთვის შესაფერისი ზრდის მხარდაჭერა.
არ გამოიყენოთ ისეთი ფრაზები, როგორებიცაა:
- „მსუქანი ხარ“;
- „ეს აღარ ჭამო, თორემ კიდევ მოიმატებ“;
- „ტკბილეული დაიმსახურე“;
- „თუ კარგად მოიქცევი, შოკოლადს მოგცემ“.
საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის კვების რეჟიმი ენდოკრინოლოგმა უნდა შეაფასოს.
გახსოვდეთ, რომ ბავშვის ჯანსაღი კვება ერთი კონკრეტული პროდუქტის აკრძალვაზე არ დგას. მნიშვნელოვანია მთელი კვებითი გარემო – რას ჭამს ბავშვი ყოველდღიურად, რას სვამს, რამდენად აქტიურია, როგორ სძინავს და რა დამოკიდებულება აქვს ოჯახს საკვების მიმართ.
დამატებული შაქრისა და მარილის ადრეული შეზღუდვა ბავშვს ეხმარება ნაკლებად ინტენსიური გემოების მიღებაში და მრავალფეროვანი საკვების მიღების ჩვევის ჩამოყალიბებაში.
ბავშვისთვის ჯანსაღი ჩვევების შექმნა ხშირად იწყება ძალიან მარტივი გადაწყვეტილებებით, როგორებიცაა ნაკლები დამატებული შაქარი, ნაკლები მარილი, მეტი მრავალფეროვანი საკვები, საკმარისი მოძრაობა და ოჯახის მხრიდან თანმიმდევრული მაგალითი.