როდისაა საშიში მწერის ნაკბენი ბავშვისთვის?

ერთი შეხედვით, უმნიშვნელო მწერის ნაკბენმა ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვის კანზე საკმაოდ ძლიერი რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს – სიწითლე, შეშუპება, ინტენსიური ქავილი ან ბუშტუკებიც კი. რატომ ხდება ასე და როდის მოითხოვს ასეთი რეაქცია ექიმის ყურადღებას?
როგორც დერმატო-ვენეროლოგი სოსო კობახიძე აღნიშნავს, ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტებში მწერის ნაკბენზე რეაქცია ხშირად უფრო გამძაფრებულია. გარკვეულ შემთხვევებში რეაქციას ხელს უწყობს გარემოც. მაგალითად, ბალახთან შეხება ან ყვავილობის პერიოდში არსებული გამღიზიანებლები.
რატომ შეიძლება ერთი ნაკბენი დიდ რეაქციად გადაიქცეს?
ატოპიური დერმატიტის დროს კანის დამცავი ბარიერი დარღვეულია, რის გამოც კანი უფრო მგრძნობიარე და ადვილად გაღიზიანებადი ხდება. მწერის ნაკბენის შემდეგ იმუნური სისტემა ადგილობრივად აქტიურდება და შედეგად სიწითლე, შეშუპება და ქავილი შესაძლოა ნაკბენის ზომაზე ბევრად ფართო არეზე განვითარდეს.
განსაკუთრებული ყურადღება ქავილს სჭირდება. ბავშვის მიერ დაზიანებული ადგილის ფხანამ შეიძლება კანი უარესად დააზიანოს და ბაქტერიებს ორგანიზმში შეღწევის საშუალება მისცეს. შედეგად, ნაკბენს შესაძლოა მეორეული ინფექციაც დაერთოს.
როგორ მოვიქცეთ ნაკბენის შემდეგ?
პირველ ეტაპზე ქავილისა და შეშუპების შესამცირებლად შეიძლება ცივი საფენის გამოყენება. ატოპიური კანისთვის ყოველდღიური დატენიანებაც მნიშვნელოვანია, რადგან კანის დამცავი ბარიერის შენარჩუნებას ხელს უწყობს.
მწერისგან თავის დაცვაც წინასწარ ჯობს: დახურული ტანსაცმელი, შესაბამისი ბადეები და ბავშვის ასაკისთვის ნებადართული დამცავი საშუალებები ნაკბენის რისკს ამცირებს.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
თუ კანის რეაქცია ნაკბენის ზომას ბევრად აღემატება, სწრაფად ვრცელდება ან ჩნდება ბუშტუკები, ჩირქი, ძლიერი ტკივილი, კანის მკვეთრი გათბობა ან სიცხე, აუცილებლად ექიმმა უნდა შეაფასოს ბავშვის მდგომარეობა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუშტუკოვანი გამონაყარის შემთხვევაში სხვადასხვა შესაძლო მიზეზის ერთმანეთისგან გარჩევა. როგორც სოსო კობახიძე აღნიშნავს, ასეთ დროს ექიმის კონსულტაცია აუცილებელია, რათა ზუსტად დადგინდეს, რა იწვევს კანის ცვლილებას და საჭირო მკურნალობა დროულად დაიწყოს.
ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვისთვის საუკეთესო მიდგომა კანის ყოველდღიური დაცვა, ნაკბენის პრევენცია და უჩვეულო რეაქციის შემთხვევაში დროული შეფასებაა.