ორსულობა კბილებს აზიანებს?

„ორსულობისას ყველა კბილი გამიფუჭდა“ – მსგავსი ფრაზა ბევრს სმენია. გავრცელებულია მოსაზრებაც, თითქოს ნაყოფი განვითარებისთვის აუცილებელ კალციუმს დედის კბილებიდან იღებს, რის გამოც კბილები სუსტდება და იშლება. რამდენად შეესაბამება სიმართლეს აღნიშნული შეხედულებები და როგორ უნდა იზრუნოს მომავალმა დედამ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე?

ექიმი-სტომატოლოგი ეკატერინე მდივანი განმარტავს, რომ ორსულობა თავისთავად კბილების დაზიანებას არ იწვევს. ნაყოფი განვითარებისთვის საჭირო მინერალებს დედის ორგანიზმიდან იღებს, თუმცა კალციუმის წყაროდ დედის კბილები არ გამოიყენება.

მიუხედავად ამისა, ორსულობის პერიოდში პირის ღრუს პრობლემების განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს. ჰორმონალური ცვლილებები, გახშირებული წახემსება, ტოქსიკოზი და არასათანადო ჰიგიენა კბილებისა და ღრძილების მდგომარეობაზე მოქმედებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგულარულ პროფილაქტიკურ შემოწმებას, რომელიც სასურველია ყოველ ექვს თვეში ერთხელ ჩატარდეს.

რატომ ღიზიანდება ღრძილები?

ორსულობისას ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები ღრძილების მგრძნობელობას ზრდის. შედეგად, ისინი ბაქტერიულ ნადებზე უფრო მძაფრად რეაგირებს და შესაძლოა განვითარდეს ორსულთა გინგივიტი – ღრძილების ანთება, რომელიც მომავალ დედებში საკმაოდ გავრცელებულია.

მისი ძირითადი ნიშნებია ღრძილების შეშუპება, გაწითლება, მგრძნობელობის მომატება და სისხლდენა კბილების გახეხვისას ზოგჯერ სისხლდენა იმდენად შემაწუხებელია, რომ ქალი დაზიანებული უბნის გახეხვას ერიდება, თუმცა ჰიგიენის უგულებელყოფა ანთებით პროცესს კიდევ უფრო ამძიმებს.

სასურველია, პირველივე სიმპტომების გამოვლენისას სტომატოლოგს მიმართოთ. პროფესიული წმენდა, ნადების მოცილება და სწორად შერჩეული ყოველდღიური მოვლა ანთების კონტროლსა და ღრძილების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. დროული მკურნალობით შესაძლებელია გინგივიტის მართვა ორსულობის პერიოდშივე.

უსაფრთხოა თუ არა სტომატოლოგთან ვიზიტი?

ერთ-ერთი გავრცელებული მითი ორსულობისას სტომატოლოგიური მკურნალობის აკრძალვას უკავშირდება. სინამდვილეში, საჭირო პროცედურების ჩატარება ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრშია შესაძლებელი, შესაბამისი სამედიცინო პირობების დაცვით.

მომავალი დედებისთვის დასაშვებია:

  • პროფესიული წმენდა – კბილის ნადებისა და ქვების მოცილება;
  • კარიესის მკურნალობა – დაზიანებული კბილის აღდგენა და შემდგომი გართულებების პრევენცია;
  • ენდოდონტიური მკურნალობა – ფესვის არხების მკურნალობა საჭიროების შემთხვევაში;
  • ვიზიორენტგენოგრაფიული გამოკვლევა – სამედიცინო საჭიროებისას, თანამედროვე ციფრული აპარატურისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გამოყენებით.

გეგმური მკურნალობისთვის ხშირად მეორე ტრიმესტრს ანიჭებენ უპირატესობას. ამ პერიოდში გულისრევა, როგორც წესი, შედარებით შემცირებულია, ხოლო სტომატოლოგიურ სავარძელში ხანგრძლივად ყოფნა ქალისთვის უფრო მოსახერხებელია.

იმპლანტაცია და სხვა გეგმური, რთული ჩარევები, რომელთა გადადებაც ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, უმჯობესია მშობიარობის შემდეგ დაიგეგმოს.

რაც შეეხება ძლიერ ტკივილს, შეშუპებასა და ინფექციას, ასეთ დროს მკურნალობის გადადება მიზანშეწონილი არ არის. დროული სამედიცინო ჩარევა და ორსულობისთვის შესაფერისი ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენება დედის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. სტომატოლოგმა აუცილებლად უნდა იცოდეს ორსულობის ვადა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ყოველდღიური მოვლის ოქროს წესები

ორსულობის პერიოდში კბილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად განსაკუთრებული ყურადღება ყოველდღიურ ჩვევებს უნდა მიექცეს. ექიმი-სტომატოლოგის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რამდენიმე მარტივი წესის დაცვა კარიესისა და ღრძილების ანთების განვითარების რისკს შეამცირებს.

  1. გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ. გამოიყენეთ ფტორის შემცველი კბილის პასტა და რბილი ჯაგრისი. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ კბილთაშორის სივრცეებს, რომელთა გასუფთავებაც ყოველდღიურად, სტომატოლოგიური ძაფითაა რეკომენდებული.
  2. დაიცავით მინანქარი ტოქსიკოზის დროს. ხშირი გულისრევისა და ღებინებისას კუჭის მჟავა კბილის მინანქარზე მოქმედებს და მის ზედაპირს დროებით არბილებს. ღებინების შემდეგ გამოივლეთ წყალი. კბილების გახეხვამდე კი მინიმუმ 30 წუთი მოიცადეთ, რათა მინანქრის დამატებითი დაზიანების რისკი შეამციროთ.
  3. აკონტროლეთ წახემსების სიხშირე. ორსულობისას მადისა და კვებითი ჩვევების ცვლილება ბუნებრივია, თუმცა ტკბილეულის ხშირი მიღება პირის ღრუში კარიესის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. შეეცადეთ, შეზღუდოთ შაქრიანი წახემსება და ყოველდღიური რაციონი კალციუმითა და D ვიტამინით მდიდარი პროდუქტებით გაამდიდროთ.
  4. არ გამოტოვოთ პროფილაქტიკური ვიზიტები. სასურველია, სტომატოლოგიური შემოწმება ორსულობის დაგეგმვის ეტაპზევე ჩაიტაროთ. თუ ამის შესაძლებლობა არ გქონიათ, ექიმთან ვიზიტი ორსულობის პირველივე თვეებში დაგეგმეთ. ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი პრობლემების მართვა ხშირად გაცილებით მარტივია.

ორსულობის პერიოდში პირის ღრუს ჯანმრთელობა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. სხვადასხვა ცვლილების მიუხედავად, კბილებისა და ღრძილების მდგომარეობის შენარჩუნება სათანადო ჰიგიენით, დაბალანსებული კვებითა და დროული სტომატოლოგიური დახმარებით სავსებით შესაძლებელია. მთავარია, მომავალმა დედამ გავრცელებული მითების გამო აუცილებელ მკურნალობაზე უარი არ თქვას და ნებისმიერი საყურადღებო სიმპტომის გამოვლენისას სპეციალისტს მიმართოს.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 ₾
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 ₾
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 ₾
ზომა: 120 X 60, 160 X 80
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 ₾
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 ₾
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 ₾
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
თეთრეულის კომპლექტები
გაყიდვაშია

მეტი სასარგებლო სტატიები

ქარსითი, რომელიც წამებში ეტლად იქცევა. გაიგეთ, როგორ მუშაობს Doona, რით განსხვავდება Doona i და Doona X და სად შეიძინოთ დუნას ეტლი საქართველოში.
გაიგეთ, როგორ განასხვავოთ სეზონური გრიპი და გაციება ბავშვებში. პრაქტიკული რჩევები მშობლებს სიცხის მართვის, სახლის პირობებში მოვლისა და ზამთრის ვირუსების პრევენციისთვის.
Britax Römer Kidfix Pro – 44 სმ სიგანის უსაფრთხო ავტოსავარძელი. 3.5-12 წლამდე. მოათავსეთ 3 ქარსითი ერთ რიგში და იმგზავრეთ მშვიდად!