რა ასაკამდეა ღამით უნებლიე შარდვა ნორმალური?

ბავშვის ზრდასთან ერთად მშობლები უამრავ ახალ გამოწვევას აწყდებიან. ერთ-ერთი მათგანი ღამით უნებლიე შარდვაა, რომელიც ხშირად კითხვებსა და შფოთვას იწვევს. რა ასაკამდე ითვლება მსგავსი შემთხვევები ბუნებრივ მოვლენად? როდის შეიძლება მიუთითებდეს ენურეზი ჯანმრთელობის პრობლემაზე და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა?
ამ საკითხებზე უროლოგი დავით ქოჩიაშვილი Labebe-სთან განმარტავს, როგორ ვითარდება შარდვის კონტროლის მექანიზმი ბავშვებში და რა შემთხვევაში ხდება სპეციალისტის კონსულტაცია აუცილებელი.
რა არის ენურეზი და რატომ გვხვდება ბავშვებში?
ენურეზი ძილის დროს შარდის უნებლიე გამოყოფას გულისხმობს. ადრეულ ასაკში მსგავსი შემთხვევები საკმაოდ გავრცელებულია, რადგან ბავშვის ნერვული სისტემა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და შარდის ბუშტის კონტროლის უნარი ეტაპობრივად ყალიბდება.
როგორც უროლოგი დავით ქოჩიაშვილი განმარტავს, მოშარდვის პროცესის რეგულირებაში მნიშვნელოვან როლს თავის ტვინში არსებული სპეციალური ნერვული მექანიზმები ასრულებს. სიცოცხლის პირველ წლებში აღნიშნული მექანიზმები სრულყოფილად ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ ვერ იქნება. შესაბამისად, პატარას ძილის დროს შარდის ბუშტის ავსებაზე სათანადო რეაგირება შეიძლება გაუჭირდეს.
რა ასაკამდე ითვლება ღამით უნებლიე შარდვა ნორმად?
დავით ქოჩიაშვილის გვიზიარებს, რომ 2–3 წლამდე ღამით უნებლიე შარდვა ფიზიოლოგიურ განვითარებას უკავშირდება. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვი თანდათან სწავლობს შარდის ბუშტის კონტროლს, თუმცა ამ უნარის ჩამოყალიბების ტემპი ინდივიდუალურია.
სამედიცინო პრაქტიკაში ღამის ენურეზის დიაგნოზი, როგორც წესი, 5 წლის ასაკიდან განიხილება. ხუთ წლამდე ღამით საწოლის დასველება ხშირად განვითარების თავისებურებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვს სხვა ჩივილები არ აღენიშნება.
მნიშვნელოვანია მშობლებმა გაითვალისწინონ, რომ ტუალეტის ჩვევების ათვისება ყველა ბავშვისთვის ერთნაირი სისწრაფით არ მიმდინარეობს. ზოგიერთს ღამის კონტროლი ადრეულ ასაკში უყალიბდება, სხვებს კი შედარებით მეტი დრო სჭირდებათ.
როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს?
ღამით უნებლიე შარდვის გახანგრძლივება საყურადღებოა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შემთხვევები რეგულარულად მეორდება.
უროლოგთან კონსულტაცია რეკომენდებულია, თუ:
- ბავშვი 5 წლის ან უფროსია და ღამით საწოლს ხშირად ასველებს;
- ღამის სიმშრალის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ უნებლიე შარდვა კვლავ დაიწყო;
- ბავშვს დღის განმავლობაშიც უჭირს შარდვის კონტროლი;
- შარდვას თან ახლავს ტკივილი, წვა ან გახშირებული მოთხოვნილება;
- აღენიშნება შარდის სუსტი ნაკადი, შეკრულობა ან განმეორებითი საშარდე ინფექციები;
- პრობლემა გავლენას ახდენს ბავშვის ძილზე, ემოციურ მდგომარეობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
დავით ქოჩიაშვილი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას შემთხვევებზე, როდესაც უნებლიე შარდვა 4, 5 ან 7 წლის ასაკშიც გრძელდება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ბავშვის მდგომარეობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი გამოკვლევების ჩატარება.
რა შეიძლება იწვევდეს ენურეზს?
ღამის ენურეზის განვითარებას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. მათ შორისაა შარდის ბუშტის კონტროლის მექანიზმების შედარებით გვიანი მომწიფება, ღამით შარდის მომატებული წარმოქმნა, ძილიდან გაღვიძების სირთულე და მემკვიდრეობითი მიდრეკილება.
ზოგჯერ უნებლიე შარდვა დაკავშირებულია შეკრულობასთან, საშარდე გზების პრობლემებთან ან ძილის დარღვევებთან.
უროლოგი დავით ქოჩიაშვილი ყურადღებას ამახვილებს ნევროლოგიურ მიზეზებზეც. მისი განმარტებით, ცალკეულ შემთხვევებში შარდვის კონტროლის დარღვევა შესაძლოა ზურგის ტვინის განვითარების ან დაზიანების პრობლემებს უკავშირდებოდეს, მათ შორის – სპინა ბიფიდას.
მსგავსი ნევროლოგიური მდგომარეობები ენურეზის შედარებით იშვიათ მიზეზებს მიეკუთვნება. მათი გამორიცხვის აუცილებლობას ექიმი თანმხლები სიმპტომებისა და გამოკვლევის შედეგების მიხედვით განსაზღვრავს. საჭიროების შემთხვევაში პროცესში ნევროლოგი ან ნეიროქირურგიც ერთვება.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
ღამით საწოლის დასველება ბავშვისთვისაც შეიძლება უსიამოვნო გამოცდილებად იქცეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას მშობლის გაღიზიანება, საყვედური ან დასჯა მოჰყვება.
დავით ქოჩიაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უნებლიე შარდვა ბავშვის მხრიდან პროტესტის გამოხატვის ან მშობლის განზრახ გაღიზიანების მცდელობად არ უნდა აღვიქვათ.
მშობლის მხრიდან სწორი მიდგომა რამდენიმე მარტივ პრინციპს ეფუძნება:
- შეინარჩუნეთ სიმშვიდე – მოერიდეთ ბავშვის შერცხვენას, გაკიცხვასა და დასჯას;
- ჩამოაყალიბეთ რეგულარული ჩვევები – შეახსენეთ ბავშვს ტუალეტით სარგებლობა დღის განმავლობაში და ძილის წინ;
- დააკვირდით სიმპტომებს – ჩაინიშნეთ, რამდენად ხშირად მეორდება ღამის შარდვა და ახლავს თუ არა სხვა ჩივილები;
- გაითვალისწინეთ სითხის მიღების რეჟიმი – დღის განმავლობაში უზრუნველყავით საკმარისი წყლის მიღება და მოერიდეთ ძილის წინ დიდი რაოდენობით სითხის დალევას;
- მიმართეთ სპეციალისტს ––ხანგრძლივი ან შემაწუხებელი შემთხვევების დროს ექიმი დაგეხმარებათ მიზეზის დადგენასა და შესაბამისი მიდგომის შერჩევაში.
ენურეზის მართვისას ზოგიერთ ბავშვს სპეციალური სასიგნალო მოწყობილობა ან მედიკამენტური მკურნალობაც შეიძლება დასჭირდეს. კონკრეტულ მეთოდს ექიმი ასაკის, სიმპტომებისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით არჩევს.
ღამით უნებლიე შარდვა ბავშვებში გავრცელებული მოვლენაა და უმეტეს შემთხვევაში განვითარების თავისებურებებს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, ასაკის მატებასთან ერთად განმეორებადი შემთხვევების შეფასება სულ უფრო აქტუალური ხდება.
მშობლის მთავარი ამოცანაა ბავშვის მხარდაჭერა, მისი ემოციური მდგომარეობის გათვალისწინება და საჭიროებისას პროფესიული დახმარების მიღება.
გახსოვდეთ, ენურეზის გამო ბავშვის გაკიცხვა პრობლემას ვერ მოაგვარებს! მხოლოდ ყურადღებიანი დამოკიდებულება და დროული კონსულტაცია ეფექტური გზაა მისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დასაცავად.