როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს ისე, რომ მოგვისმინონ
გიფიქრიათ ოდესმე, რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი სიტყვები ბავშვების ყურებამდე ვერ აღწევს? თითქოს მათთან სხვა ენაზე ვლაპარაკობდეთ ან სიტყვები ჰაერში იფანტებოდეს და გზად იკარგებოდეს. თითქოს ვცდილობთ გავაღვიძოთ მათი ყურადღება ხმამაღალი სიტყვებით ან მკაცრი ტონით, მაგრამ შედეგი – იგივე; ბავშვი არ გვისმენს, არ რეაგირებს და თითქოს საკუთარ სამყაროშია ჩაძირული.
სინამდვილეში კი, ბავშვები არა მხოლოდ ისმენენ, არამედ გრძნობენ იმასაც, რა ელფერი დაჰკრავს საუბარს – იძულებითი, მკაცრი ტონი, უკმაყოფილება თუ სხვა რამ. ამ დროს პატარებს ხშირად უჩნდებათ გაქცევის და საუბრისგან თავის არიდების სურვილი. ბავშვები იმაზე მეტად რეაგირებენ ტონზე, ემოციებსა და ქცევებზე, ვიდრე თავად სიტყვებზე. ამიტომ, თუ გვინდა, რომ ბავშვებმა ნამდვილად მოგვისმინონ და ჩვენს სიტყვებს მნიშვნელობა მიანიჭონ, საჭიროა არა მხოლოდ სათქმელის გადაცემა, არამედ სწორი ფორმით და ემოციური კავშირით საუბარი.
სიტყვები, რომლებიც გულში ჩარჩება
სიტყვებს დიდი ძალა აქვს – განსაკუთრებით ბავშვების სამყაროში. ამიტომ, სჯობს, თავიდან აირიდოთ მძიმე, დამამცირებელი ტონი. ბავშვებთან საუბრისას გამოიყენეთ მარტივი, გულწრფელი და პოზიტიური სიტყვები. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ უთხრათ – „რა არის ეს? კიდევ ერთხელ გააფუჭე!“, თქვით – „მოდი, ვნახოთ, ერთად როგორ გამოვასწორებთ!“
თვალებში შეხედვა – ემოციური კავშირი
სანამ ლაპარაკს დაიწყებთ, ბავშვის ყურადღება უნდა მოიპოვოთ. დასხედით მის დონეზე და შეხედეთ თვალებში. ეს პატარა ჟესტი ბავშვისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს და აგრძნობინებს, რომ ის მნიშვნელოვანია მოსაუბრე ადამიანისთვის და მის აზრს პატივს სცემთ.
მოსმენა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საუბარი
მხოლოდ ლაპარაკი კი არა, მოსმენაც აუცილებელია. ბავშვები უფრო მეტად გვენდობიან, როცა გრძნობენ, რომ ჩვენც ვუსმენთ მათ. მათი პასუხები თუ სიჩუმე – ორივე მნიშვნელოვანი სიგნალია მშობლებისთვის.
ემპათია
ხშირად ბავშვებს უჭირთ საკუთარი ემოციების გამოხატვა. ისინი შეიძლება გაბრაზდნენ, დაიბნენ ან უბრალოდ ჩუმად იყვნენ, რადგან არ იციან, როგორ გაუზიარონ თავიანთი გრძნობები გარშემომყოფებს. ამ დროს უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ, უფროსებმა ემპათიურად მოვექცეთ და ვკითხოთ, რაზე ფიქრობენ, რა მოხდა ან რა აწუხებთ. ემპათია პატარას აჩვენებს, რომ მისი გრძნობების გვესმის და სრულიად ნაცნობია ჩვენთვისაც.
თამაშით სწავლა — საუბრის მაგია
სიტყვები გაცილებით უფრო ხალისიანად და ცოცხლად ჟღერს, როცა თამაშის ნაწილად იქცევა. წარმოიდგინეთ, თითქოს საუბარი პატარა თეატრალური წარმოდგენა იყოს – ჟესტებით, რითმებითა და მხიარული ხმებით. ბავშვებთან კომუნიკაცია შეიძლება ვაქციოთ სიმღერად, რითმად ან მცირე სპექტაკლად, სადაც სიტყვები თამაშის ნაწილი ხდება. ასეთ შემთხვევაში ბავშვები უფრო ადვილად და სიხარულით აღიქვამენ სათქმელს, რადგან კომუნიკაცია მხიარულ და ინტერაქციულ პროცესად იქცევა.
ბავშვებსაც სჭირდებათ, რომ პატივი სცენ. ნუ უყვირებთ და ნუ დაამცირებთ, მაშინაც კი, როცა გაბრაზებული ხართ. თუ გსურთ, რომ ბავშვი კომუნიკაციაში გახსნილი იყოს, მის მიმართ პატივისცემის ქონა აუცილებელია.
რა თქმა უნდა, კომუნიკაცია არ არის ერთჯერადი პროცესი – ის ვითარდება თანდათანობით, მაგრამ თუკი სიყვარულით და მოთმინებით მივუდგებით, ბავშვებიც აუცილებლად გვიპასუხებენ სითბოთი და ყურადღებით.