საჭიროა თუ არა ბავშვისთვის ფეხშიშველი სიარული?

როცა ბავშვი ნელ-ნელა დგამს თავის პირველ ნაბიჯებს, ამ დროს მშობლებს ერთი კითხვა ხშირად აწუხებთ – შეიძლება თუ არა ბავშვმა ფეხშიშველმა იაროს?
ინტუიციით ბევრს ჰგონია, რომ ასე ბავშვი გაცივდება, რომ ფეხსაცმელი პატარას ჯანმრთელობაზე უკეთ იზრუნებს. მაგრამ თანამედროვე პედიატრია და ორთოპედია სულ სხვაგვარ სურათს გვიჩვენებს – სწორი განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ბუნებრივი სტიმული სწორედ ფეხშიშველა სიარულია.
რატომაა ფეხშიშველი სიარული სასარგებლო?
ბავშვის ტერფი ხანგრძლივად ფორმირდება: ძვლები რბილია, კუნთები ჯერ ბოლომდე გაძლიერებული არ არის, ხოლო სახსრები – მეტად ელასტიკურია. როცა ბავშვი პირველ ნაბიჯებს ფეხშიშველა დგამს, ტერფი თავისუფლად მოძრაობს, აქტიურდება ყველა მცირე კუნთი, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ტერფის თაღი ვითარდება ბუნებრივად. ყველაზე კომფორტული ფეხსაცმელიც კი ვერ იმეორებს ტერფის ბუნებრივ მოძრაობას, ამიტომ ფეხშიშველი სიარული იდეალური ვარჯიშია სწორი სიარულის ასათვისებლად და ტერფის ჯანმრთელი ფორმირებისთვის.
ბალანსისა და კოორდინაციის განვითარება
ბავშვის ტერფზე ათასობით რეცეპტორია, რომლებიც წამებში აღიქვამს ნებისმიერ ზედაპირს – იატაკს, ხალიჩას, მიწას, ქვიშას თუ ბალახს. სწორედ ამ სენსორული სიგნალების საშუალებით ტვინი სწავლობს სხეულის კონტროლს, წონასწორობასა და მოძრაობის რეგულირებას. რაც უფრო მრავალფეროვან ზედაპირებს ეხება ბავშვი ფეხშიშველი, მით უკეთ ვითარდება მისი კოორდინაცია, ხოლო ნაბიჯი ხდება უფრო სტაბილური.
ტერფის მუშაობა მთელ სხეულზეა დამოკიდებული. ფეხშიშველა სიარულისას ბავშვი ინსტინქტურად სწორად ანაწილებს დატვირთვას, ადვილად ინარჩუნებს მენჯის პოზიციას და ბუნებრივად ასწორებს მთელ სხეულს. ამის შედეგად ფორმირდება სწორი სხეულის მდებარეობა, ძლიერდება ზურგის დამხმარე კუნთები და მცირდება არასასურველი მოძრაობების რისკი.
სენსორული გამოცდილება, რომელსაც ფეხსაცმელი ვერ ჩაანაცვლებს
პატარა ბავშვისთვის სამყარო, პირველ რიგში, შეგრძნებებით იქმნება. ფეხშიშველი სიარული პატარას აძლევს უამრავ ახალ, ტაქტილურ გამოცდილებას: სითბოს, სიცივეს, ფაქტურის ცვლილებებს, რბილ ზედაპირებს, სიხისტეს და მსუბუქ ვიბრაციებს თითოეულ ნაბიჯთან ერთად. ეს ყველაფერი კი ეხმარება ბავშვს, რომ უკეთ გაიგოს საკუთარი სხეული და ის, თუ როგორ მუშაობს ორგანიზმი.
როდის არის ფეხშიშველა სიარული ყველაზე სასარგებლო?
ფეხსაცმლისა და წინდების გარეშე სასიარულოდ საუკეთესო გარემოდ ითვლება თბილი იატაკი და უსაფრთხო ზედაპირები. ზაფხულში კი გამორჩეულად კარგია ბალახზე, ქვიშასა და მიწაზე სიარული, რადგან ბუნებრივი ფაქტურები უზრუნველყოფს ტერფებს ნაზი მასაჟითა და სენსორული სტიმულაციით.
დამატებით, სახლში შეგიძლიათ გამოიყენოთ სენსორული ხალიჩები, რომლებიც ტერფის კუნთებს ააქტიურებს და სიარულს კიდევ უფრო სასარგებლოს ხდის. ადრეული ბავშვობის ასაკიდანვე სენსორული მასაჟის ფაზლების გამოყენება ხელს უწყობს ფეხების ჯანსაღ განვითარებას და ბავშვებს იცავს ყველაზე გავრცელებულ პრობლემებისგან, რომელთა შორისაა ბრტყელტერფიანობა.
ფეხშიშველი სიარული ზამთრის პერიოდშიც შეიძლება, თუ სახლში სითბოა. გახსოვდეთ, რომ ადამიანის გაციება ფეხშიშველა ტერფის გამო არ ხდება, არამედ მხოლოდ ვირუსისგან წარმოიქმნება. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში არ იჯდეს უმოძრაოდ ცივ ზედაპირზე.
ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ მაშინ, როცა გარეთ ხართ ან/და იმ გარემოში იმყოფებით, სადაც პოტენციურად სახიფათო ზედაპირებია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. დანარჩენ შემთხვევებში, ფეხშიშველი სიარული უსაფრთხო, ბუნებრივი და რეკომენდებულია.
თუ გარემო ამის საშუალებას იძლევა – მიეცით ბავშვს ფეხშიშველა სიარულის საშუალება. ეს მარტივი ყოველდღიური ჩვევა ბევრად მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.