როგორ შევაყვაროთ ბავშვებს წიგნები – რჩევები LitKid-ისგან
წიგნის კითხვა ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც აყალიბებს ბავშვის გონებრივ, ემოციურ და სოციალურ უნარ-ჩვევებს. როგორც ლილე კვირტია, LitKid-ის თანადამფუძნებელი, ამბობს, კითხვა არა მხოლოდ ცოდნის წყაროა, არამედ მშობელსა და შვილს შორის ემოციური კავშირის შესაქმნელი პროცესიცაა.
რატომ უნდა დავუწყოთ ბავშვს კითხვა მუცლადყოფნიდან?
ლილე ხაზს უსვამს ერთ მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან აზრს: წიგნის სიყვარული იწყება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში. როცა მშობელი კითხულობს და ელაპარაკება ნაყოფს, ბავშვის ტვინი უკვე იწყებს ენობრივი ნიმუშების დამახსოვრებას. დაბადების შემდეგ კი მშობლის ხმა ბავშვს ამშვიდებს, ზრდის სიტყვების მარაგს და ეხმარება სამყაროს უკეთ აღქმაში.
ამიტომაც ღირს, რომ ბავშვის პირველი წიგნები მშობელმა აირჩიოს არა მხოლოდ ასაკის, არამედ ემოციური კავშირის გათვალისწინებითაც – რბილი, ფერადი და სენსორული წიგნები, რომლებსაც შეუძლია არა მხოლოდ პატარას გართობა, არამედ ენობრივი და სენსორული უნარების განვითარება.
როდესაც ბავშვი წიგნს აზიანებს – ეს ნორმალურია
ბევრი მშობელი წუხს, როცა ბავშვი წიგნს ხევს, ძირს აგდებს, ღეჭავს... თუმცა, როგორც ლილე ლაბებესთან საუბრისას განმარტავს, ეს ბავშვის განვითარების ბუნებრივი ეტაპია:
„ბავშვი ჯერ შეხებით სწავლობს წიგნს. ეს წიგნთან ურთიერთობის პირველი საფეხურია და სწორედ აქ იწყება მისი სიყვარული“.
ამიტომ მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, გამოიკვლიოს წიგნები თავისებურად – შეარჩიეთ გამძლე და უსაფრთხო გამოცემები, რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი 0–3 წლის ასაკის პატარებისთვის.
5 თემა, რომლებზეც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს წიგნი
ბევრ მშობელს ჰგონია, რომ ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია კონკრეტული წიგნების წაკითხვა – თითქოს არსებობდეს „უნივერსალური სია”, რომელიც ყველა პატარას წაკითხული ან/და მოსმენილი უნდა იცოდეს. სინამდვილეში – ეს სტერეოტიპია. ბავშვები განსხვავებულად აღიქვამენ ისტორიებს, ემოციებსა და სიუჟეტებს – სწორედ ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია, რა თემებს ეხება წიგნი, ვიდრე რა სათაურითაა გამოცემული.
სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ლილე კვირტია. ის არ გამოყოფს მხოლოდ კონკრეტულ წიგნებს, არამედ გვიზიარებს იმ თემებს, რომლებიც ბავშვის ბიბლიოთეკის საფუძველს ქმნის და ეხმარება პატარას სამყაროს უკეთ გაგებაში.
1. გარემო
ყოველდღიური გარემოს ამსახველი წიგნები რეალური ფოტოებით ეხმარება პატარას სამყაროს გაცნობაში. როცა წიგნში ხედავს მაგიდას, სკამს ან ავტომობილს – იმავე საგნებს, რომლებიც მის ირგვლივაცაა – ბავშვს უყალიბდება რეალობასთან ასოცირება და უფრო მარტივად ითვისებს ახალ სიტყვებსა და მნიშვნელობებს.
2. ზღაპრები
ბავშვებისთვის განკუთვნილი ზღაპრები აძლიერებს წარმოსახვას, ფანტაზიასა და ემოციების აღქმას. ზღაპრის სამყაროში ბავშვი სწავლობს, როგორ იფიქროს განსხვავებულად, მიჰყვეს სიუჟეტს და გააცნობიეროს, რომ ცხოვრებისეულ სირთულეებს ყოველთვის მოეძებნება ჯადოსნური გამოსავალი.
3. ყოველდღიური უნარ-ჩვევები
წიგნები, რომლებიც ეხმარება პატარას ჰიგიენური ჩვევების, დამოუკიდებლობისა და ბაღში ადაპტაციის სწავლაში, ავითარებს სოციალურ და ემოციურ უნარებს. ამ თემატიკის წიგნები ბავშვს ასწავლის წესრიგის მნიშვნელობას, პასუხისმგებლობასა და ყოველდღიური სიტუაციებისადმი ჯანსაღ დამოკიდებულებას.
4. მორალური საფუძვლები
ემპათიისა და სიკეთის შესახებ დაწერილი წიგნები ბავშვს აჩვენებს, როგორ გაუგოს სხვას, დაეხმაროს და მიიღოს სხვისი განსხვავებულობა. ასეთი ისტორიები ავითარებს ემოციურ ინტელექტს და აყალიბებს თბილ, გულისხმიერ და მგრძნობიარე პიროვნებას.
5. ოჯახი და ურთიერთობები
სიყვარულზე, მეგობრობასა და ურთიერთობებზე აგებული წიგნები კი ეხმარება პატარას საკუთარი გრძნობების სწორად ამოცნობასა და გამოხატვაში. ასეთი ლიტერატურიდან ბავშვი სწავლობს, როგორ გაიზიაროს ემოციები, როგორ გამოხატოს მადლიერება და როგორ შეინარჩუნოს სითბო ოჯახურ ურთიერთობებში.
კითხვა – ჯადოსნური ხიდი მშობელსა და შვილს შორის
მშობლები ხშირად თვლიან, რომ როცა ბავშვი დამოუკიდებლად კითხულობს, მისთვის წიგნის წაკითხვა აღარ არის საჭირო. თუმცა ეს მცდარი წარმოდგენაა და ლილე კვირტია გვახსენებს, რომ სწორედ ამ პერიოდში ერთობლივი კითხვა ხდება მშობელსა და შვილს შორის ყველაზე ღრმა ემოციური კავშირი.
„როცა ბავშვი კითხვას სწავლობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას წიგნი აღარ უნდა წავუკითხოთ. ეს ყველაზე ჯადოსნური მომენტია მშობელსა და შვილს შორის“.
ერთობლივი კითხვა აძლიერებს ბავშვის ყურადღებას, უვითარებს მეტყველებას და ამაღლებს თვითშეფასებას, ხოლო კითხვის გამოყოფილი დრო ბავშვისთვის უსაფრთხოებისა და სიყვარულის განცდის სიმბოლო ხდება.
როგორ შევარჩიოთ წიგნები ასაკის მიხედვით?
- 0–1 წლისთვის: ფერადი, ხმოვანი, სენსორული წიგნები;
- 1–3 წლისთვის: ილუსტრირებული წიგნები რეალური ფოტოებით, მარტივი ტექსტებით;
- 3–5 წლისთვის: მოკლე ზღაპრები, ემოციების ამსახველი ისტორიები;
- 5+ წლისთვის: საგანმანათლებლო და სათავგადასავლო წიგნები, რომლებსაც შეუძლია ბავშვის ფანტაზიის განვითარება.
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი იწყება მშობლის ხმით, რომელიც კითხვას ჯერ კიდევ მაშინ იწყებს, როცა ბავშვის დაბადების მოლოდინშია. ეს ხმა რჩება ბავშვის მეხსიერებაში ისე, როგორც პირველი სიტყვები და პირველი სიყვარული.