როგორ დავიცვათ ბავშვი სიცხეში ქარსითსა და ეტლში?
ზაფხულის ცხელ დღეებში მშობლები ხშირად მიმართავენ, ერთი შეხედვით, სრულიად ლოგიკურ და მზრუნველობით განპირობებულ ქმედებას – ფარავენ საბავშვო ავტოსავარძელს ან ეტლს თხელი პლედით, რათა ბავშვი მოარიდონ მზის პირდაპირ სხივებს. პლედი ხშირად დაცვის საშუალებად გვეჩვენება, რადგან ქარიც აღარ უბერავს, სხივებიც აღარ ხვდება კანს და თითქოს პატარა უფრო მშვიდადაც წევს. თუმცა ეს ქმედება სინამდვილეში გადახურების სერიოზული რისკის შემცველია.
როცა ქარსითს ან საბავშვო ეტლს ნაჭრით ფარავთ, იქმნება ჰერმეტულად დახურული სივრცე, სადაც ჰაერი ვეღარ ცირკულირებს. მზის სხივების მოქმედებით პლედის ქვეშ ტემპერატურა სულ რამდენიმე წუთში საგრძნობლად იმატებს და ბავშვი, ფაქტობრივად, ხურდება იმავე სივრცეში, რომელშიც მისი დაცვა გსურდათ.
ეს მდგომარეობა განსაკუთრებით საშიშია ჩვილებისთვის, რადგან მათი ორგანიზმი ჯერ კიდევ ვერ არეგულირებს ტემპერატურას ისე ეფექტურად, როგორც მოზრდილების სხეული. ამიტომაც მათთვის გადახურება გაცილებით სწრაფად დგება და შეიძლება მძიმე შედეგებშიც კი გადაიზარდოს.
მოკლედ რომ ვთქვათ, საბავშვო პლედი, რომელიც მშობელს უსაფრთხოების გარანტიად ეჩვენება, რეალურად ჩვილისთვის სათბურივით დახურული სივრცეა, სადაც სიცხე მხოლოდ და მხოლოდ იზრდება.
რატომაა პლედი ქარსითსა ან ეტლზე დაუშვებელი?
მაშინაც კი, როცა ჩვილის ქარსითს ან ეტლს თხელ და ჰაერგამტარ პლედს აფარებთ, ფიქრობთ, რომ კომფორტულ გარემოსა და ჩრდილს უქმნით შვილს, მაგრამ რეალურად ბავშვს ჰაერისგან მოწყვეტილ სივრცეში ამწყვდევთ. იქ ჰაერი თავისუფლად ვეღარ ცირკულირებს, სიცხე და ტენიანობა გროვდება, ხოლო ტემპერატურა – სწრაფად მატულობს. ამასთანავე, პლედი მზისგან ვერ იცავს ისე, როგორც გგონიათ, ვინაიდან ის უბრალოდ აფერხებს ჰაერის თავისუფალ მოძრაობას.
ფაქტობრივად, ჩვილი რჩება დახუთულ გარემოში, რომლის შიგნით ტემპერატურა სულ რამდენიმე წუთში რამდენიმე გრადუსით იზრდება. ეს ზრდასრული ადამიანისთვისაც არ იქნებოდა სასიამოვნო, ხოლო ახალშობილისთვის, ვისი სხეულის თერმორეგულაციაც ჯერ სრულად ჩამოყალიბებული არ არის – ეს პირდაპირი საფრთხეა ჯანმრთელობისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ მზის პირდაპირი სხივების არიდება მართლაც აუცილებელია, პლედის გამოყენება დაუშვებელია. გახსოვდეთ, რომ ჰაეროვანი პლედი ან სხვა რომელიმე ნაჭერი არ არის უსაფრთხო ჩრდილის სინონიმი და მისი გამოყენება ქმნის მოჩვენებით შვებას, რომელიც ფატალურ შედეგამდე შეიძლება გადაიზარდოს.
როგორ ამოვიცნოთ, რომ ჩვილი პლედგადაფარებულ ქარსითსა ან ეტლში გადახურდა?
გადახურებული ჩვილი ვერბალური გზით ვერ გაგაგებინებთ, რომ სცხელა, მაგრამ მისი სხეული აუცილებლად მიგანიშნებთ ამაზე.
თუ პატარა ქარსითში ან ეტლში გადახურდა, შესაძლოა შენიშნოთ:
- კანის ფერის ცვლილება – შეიძლება იყოს მსუბუქი ან მკვეთრი სიწითლე, ფერმკრთალობა;
- ჭარბოფლიანობა;
- გახშირებული ან შენელებული სუნთქვა;
- გულისცემის მატება;
- მოთენთილობა, უმადობა ან პირიქით – ზედმეტი აღგზნება;
- ღებინება, სისუსტე, გაბრუება.
ჩვილების სხეულს არ შეუძლია ტემპერატურის რეგულირება იმ ხარისხით, როგორც მოზრდილებს. სწორედ ამიტომ გადახურება მათთვის არა მხოლოდ დისკომფორტია, არამედ – პოტენციურად საშიში მდგომარეობა, რომელიც, თუ დაუყოვნებლივ არ შენიშნეს მშობლებმა, შეიძლება გადაიზარდოს ჰიპერთერმიაში.
როგორ მოვიქცეთ, სანამ ჩვილს ქარსითში ან ეტლში დავსვამთ?
- ჩააცვით თხლად და ჰაერგამტარი ტანსაცმელი – საუკეთესოა ბამბის ტანსაცმელი, რადგან ის ატარებს ჰაერს, შთანთქავს ტენს და ამცირებს გადახურების რისკს;
- არ გამოიყენოთ ქურთუკი ქარსითში ჩასმისას, თუნდაც ცივ ზამთარში – ქურთუკი ხელს უშლის ღვედის მჭიდრო და სწორად დაფიქსირებას. ეს ზრდის საფრთხეს, რომ შეჯახებისას ბავშვი სავარძლიდან ამოვარდეს, რადგან ღვედი ტანსაცმელს იჭერს და არა – სხეულს.
- გრილ მანქანაში ბავშვს შეიძლება გადააფაროთ თხელი პლედი – მთავარია, ეს გააკეთოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ღვედებს სწორად და მჭიდროდ დააფიქსირებთ უშუალოდ ჩვილის ტანსაცმელზე.
როგორ ვიმოქმედოთ, თუ გადახურების ნიშნები უკვე გამოჩნდა?
- გააჩერეთ მანქანა ან ეტლი უსაფრთხო ადგილას;
- ამოიყვანეთ ჩვილი სამგზავრო სავარძლიდან ან ეტლიდან;
- გახადეთ ზედმეტი ტანსაცმელი;
- გაწმინდეთ სხეული სველი, რბილი ნაჭრით – განსაკუთრებით კისრის, იღლიებისა და ფეხების მიდამოები;
- მიაწოდეთ სითხე ასაკის შესაბამისად – დედის რძე, წყალი ან ფორმულა;
- გადაიყვანეთ ბავშვი ჩრდილში ან გრილ გარემოში და დააკვირდით, უმჯობესდება თუ არა მისი მდგომარეობა.
როგორ დავიცვათ ჩვილი ქარსითსა და ეტლში გადახურებისგან?
- გამოიყენეთ სპეციალური მზისგან დამცავი ფარდები ან ბადეები, რომლებიც ჰაერგამტარია;
- სანამ ჩასვამთ ბავშვს ქარსითში, გააგრილეთ ავტომობილი – გააღეთ ფანჯრები ან ჩართეთ კონდიციონერი;
- მოერიდეთ შუადღის საათებში სეირნობას ეტლით – სეირნობა რეკომენდებულია დილის ან საღამოს საათებში;
- ნუ დატოვებთ ჩვილს სავარძელში მარტო, თუნდაც რამდენიმე წუთით, რადგან დახურულ მანქანაში ტემპერატურა წამებში იმატებს.
ჩვილის გადახურების პროცესი შესაძლოა სრულიად შეუმჩნევლად დაიწყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა იცოდეს როგორც პრევენციის, ისე – სიმპტომების ამოცნობის გზები. გახსოვდეთ, უსაფრთხო მგზავრობა მხოლოდ ღვედის სწორად დამაგრებას არ ნიშნავს – ის იწყება მშობლის ყურადღებით, პატარასთვის შექმნილი იდეალური კომფორტითა და თითოეული დეტალის გათვალისწინებით, რაც ბავშვის დაცულობას უზრუნველყოფს.
ლაბებე ბუტიკი Your Car Seat-სთან ერთად მშობლებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ კონსულტაციებს, რათა თითოეულმა პატარამ იმგზავროს როგორც სწორად შერჩეულ და დამონტაჟებულ ავტომანქანის საბავშვო სავარძელში, ისე – სრული დაცვით.