რამდენი ხანი უნდა გაატაროს ბავშვმა ეკრანთან?

თანამედროვე სამყაროში გაჯეტები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. თუმცა, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, ტექნოლოგიებთან ურთიერთობა ფრთხილ და გააზრებულ მიდგომას მოითხოვს. მშობლებისთვის ხშირად რთულია ბალანსის პოვნა: ერთი მხრივ, გვსურს ბავშვი ფეხდაფეხ მიჰყვეს დროს, მეორე მხრივ კი – დავიცვათ ის ეკრანდამოკიდებულებისგან.
ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი მეგი საჯაია ყურადღებას ამახვილებს იმ საფრთხეებზე, რაც გაჯეტების უკონტროლო მოხმარებას ახლავს. მისი თქმით, სპეციალისტები გაჯეტებს რეკომენდაციას არასდროს უწევენ და მათი გამოყენება ყოველთვის მკაცრად უნდა იყოს შეზღუდული.
რატომ არის ეკრანთან გატარებული დრო სახიფათო?
ბავშვის ტვინი განვითარების ეტაპზე განსაკუთრებით მგრძნობიარეა გარემო სტიმულის მიმართ. გაჯეტები სთავაზობს მათ მზა, ხშირად ქაოსურ და სწრაფად ცვალებად ვიზუალურ ინფორმაციას, რაც ხელს უშლის ფოკუსირების უნარის ჩამოყალიბებას. მეგი საჯაიას განმარტებით, ეკრანზე გადამეტებულმა დამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს:
- ემოციური რეგულაციის სირთულე – ბავშვს უჭირს საკუთარი ემოციების მართვა, ხდება უფრო გაღიზიანებული და მოუსვენარი;
- ეკრანდამოკიდებულება – ვირტუალური სამყარო ხდება ერთადერთი ადგილი, სადაც ბავშვი თავს კომფორტულად გრძნობს, რაც სოციალურ იზოლაციას იწვევს;
- ყურადღების დეფიციტი – რეალურ სამყაროში აქტივობები ბავშვისთვის „მოსაწყენი“ ხდება, რადგან არ სთავაზობს იმავე ინტენსივობის დოფამინურ სტიმულაციას, რასაც თამაშები ან ვიდეოები.
რეკომენდებული დრო და შინაარსი
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რამდენ ხანს ატარებს ბავშვი ეკრანთან, არამედ ისიც, თუ რას უყურებს იგი. მეგი საჯაიას რეკომენდაციით:
- 5-6 წლიდან ეკრანთან გატარებული დრო არ უნდა აღემატებოდეს დღეში მაქსიმუმ 1 საათს;
- შინაარსობრივი ფილტრი – ეს დრო უნდა დაეთმოს მხოლოდ საგანმანათლებლო ვიდეოებს ან ისეთ მასალას, რომელიც მიმართულია ემოციურ თვითრეგულაციაზე;
- სხვა შემთხვევაში, თუ საუბარია გასართობ კონტენტზე, დრო უნდა შეიზღუდოს 10-15 წუთამდე.
- „ჩვენ არ ვუწევთ რეკომენდაციას გაჯეტების გამოყენებას, რადგან ამან შესაძლოა ძალიან ბევრი პრობლემა გამოიწვიოს. ამიტომ გაჯეტებთან უნდა ვიყოთ ფრთხილად და ყურადღებით“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს?
იმისათვის, რომ გაჯეტი არ გახდეს ელექტრონული ძიძა, მშობლებმა უნდა შესთავაზონ ბავშვს ალტერნატიული აქტივობები. ფიზიკური თამაში, კითხვა, ხატვა ან უბრალოდ ბუნებაში სეირნობა ის გარემოა, სადაც ბავშვი სწავლობს სამყაროს შეცნობას, კომუნიკაციასა და ემოციების მართვას.
ციფრული ჰიგიენა ოჯახის ყველა წევრს ეხება. ბავშვი მოდელს იღებს მშობლისგან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც ვაკონტროლოთ საკუთარი დრო, რომელსაც წკრანებთან ვატარებთ.
ტექნოლოგია კარგი იარაღია ინფორმაციის მისაღებად, მაგრამ ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია ზომიერება და მშობლის ჩართულობა. იყავით ყურადღებით, რათა ვირტუალურმა სამყარომ არ ჩაანაცვლოს რეალური განვითარების შესაძლებლობები.