ბავშვის უსაფრთხო მგზავრობა – აირბაგი და ქარსითი
შეიძლება უკვე გსმენიათ, რომ უსაფრთხოების ბალიშმა, იგივე აირბაგმა 1970 წლიდან დღემდე დაახლოებით 650 000 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. თუმცა, როგორც ყველა ინოვაციას, მასაც აქვს თავისი წესები და გამონაკლისები, რომელთა ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა მგზავრობისას.
რა არის უსაფრთხოების ბალიში და როგორ მუშაობს ის?
აირბაგი არის დამატებითი დამცავი საშუალება, რომელიც მანქანის ღვედთან ერთად მუშაობს და შეჯახებისას მნიშვნელოვნად ამცირებს ტრავმის რისკს. მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს:
- აირბაგი არ ცვლის ღვედს – მისი ფუნქცია მხოლოდ დამატებითი დაცვაა;
- ის შესაძლოა ამოქმედდეს მცირე ავარიის დროსაც;
- არსებობს წინა და გვერდითა აირბაგები, რომლებიც ერთიანად უზრუნველყოფენ მგზავრების დაცვას.
რატომ არის აუცილებელი დისტანციის დაცვა?
უსაფრთხოების ბალიში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დამცავი საშუალებაა ავარიის დროს, თუმცა ის შეიძლება საფრთხედაც იქცეს, თუ მგზავრი ზედმეტად ახლოს იჯდა მასთან. აირბაგი შეჯახებისას მალევე, წამზე ნაკლებ დროში და დიდი ენერგიით იხსნება – სწორედ ეს სისწრაფე და ძალა იცავს სიცოცხლეს, ამავე დროს, შეიძლება სერიოზული ტრავმა გამოიწვიოს იმ ადამიანისთვის, ვინც მის მოქმედ არეალში ზედმეტად ახლოს იმყოფება. ამიტომ მძღოლისთვის რეკომენდებულია საჭესა და გულმკერდს შორის მინიმუმ 25–30 სმ დაშორების შენარჩუნება, ხოლო წინა მგზავრმა სავარძელი მაქსიმალურად კომფორტულ და უსაფრთხო დისტანციაზე უნდა გაწიოს უკან ისე, რომ აირბაგის გახსნისას დაზიანების რისკი არ შეექმნას. გონივრული დისტანცია უზრუნველყოფს იმას, რომ ავარიის შემთხვევაში აირბაგმა თავისი მთავარი ფუნქცია დაცვა – შეასრულოს და არა – ზიანი.
ბავშვები და აირბაგი – რა უნდა იცოდეთ?
ყველაზე მნიშვნელოვანი წესია, რომ 12 წლამდე ბავშვები არ უნდა ისხდნენ წინა სავარძელში. აირბაგის გახსნა მათთვის სერიოზული საფრთხის შემცველია.
კვლევების მიხედვით, ბავშვი უკანა სავარძელზე 75%-ით უფრო დაცულია, ვიდრე წინა მხარეს. ამიტომაც პატარებისთვის საუკეთესო ადგილია უკანა სავარძელი და სპეციალურად შექმნილი სავარძელი – ქარსითი.
თუ მაინცდამაინც საჭიროა ბავშვის წინ დაჯდომა, აუცილებლად გაითვალისწინეთ:
- 0–13 კგ საბავშვო ავტოსავარძელი არ უნდა მოთავსდეს წინა სავარძელზე.
- თუ სხვა გზა არ გაქვთ, წინ დასმისას აუცილებლად გამორთეთ უსაფრთხოების ბალიში.
როგორ უზრუნველვყოთ ბავშვების უსაფრთხო მგზავრობა?
ბავშვის უსაფრთხო მგზავრობა იწყება სწორად შერჩეული და დამონტაჟებული სამგზავრო სავარძლით. ქარსითი უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკსა და სიმაღლეს, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს პატარას სრულ დაცვას. 0–12 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი აუცილებლად უნდა მოთავსდეს სავარძელში, რადგან ეს ერთადერთი გზაა, რომ მათი მგზავრობა იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქარსითის ქონა თავისთავად საკმარისი არ არის. თუ ის არასწორადაა დამონტაჟებული, მისი ეფექტურობა მნიშვნელოვნად მცირდება და შესაძლოა ბავშვი დაუცველი დარჩეს. სწორედ ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ ინსტრუქციას ან, საჭიროების შემთხვევაში, დახმარება უნდა სთხოვოთ სპეციალისტს.
როცა ბავშვის ავტოსავარძელი სწორადაა შერჩეული და დამონტაჟებული, შემდეგ უკვე საჭიროა, რომ მშობელმაც და ყველა მგზავრმაც შეიკრას ღვედი. ღვედი და ქარსითი ერთად ქმნის იმ დაცულ სივრცეს, რომელიც ავარიის/შეჯახების დროს ყველაზე საიმედოდ იცავს როგორც ბავშვს, ისე – უფროსებს.
ასე, ერთი შეხედვით, მარტივი წესების დაცვით, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი პატარები გზაზე მაქსიმალურად დაცულები არიან.
ქარსითის არჩევიდან დაწყებული და მისი დამაგრებით დამთავრებული – თითოეული დეტალის უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ Labebe Boutique და Your Car Seat. ჩვენი მიზანია, რომ ყველა პატარამ იმგზავროს დაცულად და კომფორტულად – კომპრომისების გარეშე.