აქვთ თუ არა ქარსითი ტაქსის კომპანიებს საქართველოში?
თბილისში და სხვა ქალაქებში ბევრი ოჯახი ყოველდღიურად გადაადგილდება ტაქსით. ამ დროს მშობლების უმეტესობა ერთ დიდ პრობლემას აწყდება – ბავშვების უსაფრთხოების ფაქტორს მგზავრობისას. საკუთარი ავტოსავარძლის (ქარსითის) ტარება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ძირითადად ისინი მძიმეა და მოუხერხებელი მათი ტარება ბავშვთან ერთად, ტაქსის მძღოლები კი, ფაქტობრივად, დამატებით სავარძელს არ გვთავაზობენ.
რატომაა აუცილებელი ავტოსავარძელი მანქანაში?
ბავშვის სხეული გაცილებით დაუცველია ტრავმების მიმართ, ვიდრე მოზრდილის. ამის მთავარი მიზეზია, რომ ბავშვების ძვლები ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, კუნთები და კიდურები სუსტი აქვთ, თავი კი შედარებით მძიმეა ტანის პროპორციასთან შეფარდებით. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სწორედ ეს ფაქტორები ზრდის ტრავმის მიღების ალბათობას.
სწორად შერჩეული და დამონტაჟებული ქარსითი ამცირებს სიცოცხლისთვის საშიშ რისკებს:
- სიკვდილის რისკი მცირდება დაახლოებით 71%-ამდე (CDC, NHTSA მონაცემებით);
- სერიოზული ტრავმების რისკი 67%-ით ნაკლებია, ვიდრე უსაფრთხოების ღვედის გარეშე მგზავრობისას;
- სწორი სავარძლის არჩევა ასაკის მიხედვით (0–13 კგ, 9–18 კგ, 15–36 კგ და სხვ.) უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას.
ბავშვისთვის ავტოსავარძელი იგივეა, რაც მოზრდილისთვის უსაფრთხოების ღვედის გაკეთება. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ღვედის გარეშე მანქანაში ჩაჯდომას თითქმის ვეღარავინ წარმოიდგენს, თუმცა საქართველოში ბევრი მშობელი დღემდე იძულებულია, რომ ტაქსიში ბავშვი ხელში აიყვანოს ან უბრალოდ სტანდარტული ღვედი შეუკრას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრაქტიკა ბავშვის სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
სხვადასხვა ქვეყანაში ტაქსით მგზავრობისას ქარსითის გამოყენება ან სავალდებულოა, ან სერვისის სახითაა ხელმისაწვდომი. საქართველოში კი ეს სტანდარტი პრაქტიკულად არ არსებობს, რაც მნიშვნელოვან დარღვევას ქმნის ბავშვთა უსაფრთხოების სისტემაში.
ჩვენი ექსპერიმენტი
იმისათვის, რომ რეალურად გაგვეგო, როგორი მდგომარეობაა საქართველოში, ლაბებე ბუტიკმა და ორგანიზაციამ Your Car Seat მცირე ექსპერიმენტი ჩაატარეს.
- დავუკავშირდით საქართველოში ტაქსის მოქმედ კომპანიებს და ვკითხეთ, ჰქონდათ თუ არა ქარსითით აღჭურვილი მანქანები;
- გადავამოწმეთ ტაქსის ყველაზე პოპულარული აპლიკაციები – ვეძებდით მომსახურების კატეგორიას „საბავშვო სავარძელი“'
- ვცადეთ, წინასწარი შეკვეთისას მძღოლისთვის შეგვეთანხმებინა ქარსითის მიწოდება.
შედეგი ერთმნიშვნელოვანი მივიღეთ: ტაქსის არცერთი კომპანია ან აპლიკაცია საქართველოში დღეს არ სთავაზობს ქარსითით აღჭურვილ სერვისს გადაადგილებისას.
ეს აღმოჩენა განსაკუთრებით პრობლემურია იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც არ ჰყავთ საკუთარი მანქანა. ისინი იძულებულნი არიან ან თან ატარონ მძიმე საბავშვო სავარძელი (რაც ყოველდღიურად პრაქტიკულად შეუძლებელია), ან ბავშვი საერთოდ დაუცველი გადაიყვანონ. ორივე არჩევანი სარისკოა და აჩვენებს, რამდენად აუცილებელია ამ სერვისის დანერგვა ქართულ ბაზარზე.
როგორი სიტუაციაა სხვა ქვეყნებში?
- დიდი ბრიტანეთი – კანონი ავალდებულებს ბავშვების ტრანსპორტირებას ავტოსავარძლით 12 წლამდე ან 135 სმ-ამდე. ტაქსებისთვის არსებობს გამონაკლისი, თუმცა ბევრ ქალაქში Uber და სხვა სერვისები სთავაზობს მომხმარებლებს „car seat“ კატეგორიას;
- გერმანია – 12 წლამდე ან 150 სმ-ამდე ბავშვი ქარსითში უნდა იჯდეს, მათ შორის – ტაქსიშიც. ამ წესის უგულებელყოფა ჯარიმით ისჯება;
- საფრანგეთი – საფრანგეთის უსაფრთხოების კანონმდებლობის მიხედვით სავალდებულოა, რომ 10 წლამდე ბავშვი იჯდეს სპეციალურ სავარძელში. მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებშია გამონაკლისი დაშვებული, მაგრამ ტაქსების უმეტესობა ითხოვს მშობლისგან სამგზავრო სავარძლის გამოყენებას;
- აშშ – ნიუ-იორკში Uber-მა სპეციალური სერვისი დანერგა: დამატებითი გადასახადით შესაძლებელია მანქანის გამოძახება, სადაც Nuna-ის საბავშვო სავარძელი უკვე დამონტაჟებულია.
ეს მაგალითები ცხადად აჩვენებს, რომ ბავშვთა უსაფრთხოება მხოლოდ პირად პასუხისმგებლობას არ წარმოადგენს, არამედ სერვისის სტანდარტიცაა, რომელსაც ბევრი ქვეყანა უკვე უზრუნველყოფს.
დღეს საქართველოში არცერთი ტაქსის კომპანია არ სთავაზობს ქარსითით აღჭურვილ სერვისს, რაც ნიშნავს, რომ ბავშვების უსაფრთხოება მშობლების რესურსებსა და იმპროვიზაციაზეა დამოკიდებული.