რა უნდა წავიღოთ სამშობიაროში?
ჩვილის დაბადებისთვის მომზადება ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი მომენტი და მნიშვნელოვანი ეტაპია მშობლებისთვის, რომელიც მშობიარობის თარიღამდე რამდენიმე კვირით ადრე იწყება. წინასწარ მომზადებული ჩანთა დაგეხმარებათ მშვიდად შეხვდეთ ამ დღეს და მთლიანად გადაერთოთ ემოციებზე.
სანამ მშობლის ჩანთაში აუცილებელი ნივთების ჩაწყობას დაიწყებდეთ, რეკომენდებულია გაეცნოთ იმ კლინიკის შინაგან წესებს, რადგან სამშობიარო სახლები გარკვეულ პროდუქტებს ახვედრებს მომავალ დედებს. ამით თავიდან აირიდებთ ზედმეტი და არასასურველი ნივთის წაღებას, რომელიც რეალურად არ დაგჭირდებათ მანდ ყოფნისას.
რა სჭირდება დედას?
პირველ რიგში, მოამზადეთ საჭირო დოკუმენტები, რათა ყველა პროცესი უსწრაფესად და უპრობლემოდ წარიმართოს. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი, სამედიცინო დაზღვევა, ექიმის მიმართვა და სხვ. – იმ საბუთების ჩამონათვალია, რომლებიც არ უნდა დაგრჩეთ სახლში.
კომფორტული ტანსაცმლის წაღება აუცილებელია, რომ თავისუფლად იგრძნოთ თავი. ხალათი, ჩუსტები, წინდები, საცვლები, სპეციალური ბიუსტჰალტერი მეძუძური დედისთვის, გამოწერის დღისთვის შერჩეული ტანისამოსი სრულიად საკმარისია იმ რამდენიმე დღისთვის. გარდა ამისა, არც პირადი ჰიგიენის ნივთები უნდა დაგავიწყდეთ, როგორებიცაა სხვადასხვა ზომის პირსახოცები, საფენები, თავის მოვლის საშუალებები.
ბავშვისთვის აუცილებელი ნივთების სია
ახალშობილის მოვლა სიყვარულის პირველი გამოხატულებაა, რომელიც სამშობიარო ბლოკში იწყება. როგორც დედას, ისე ჩვილსაც სჭირდება განსაკუთრებული ზრუნვა. როცა საქმე საბავშვო პროდუქციას ეხება, მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი საკმაო რაოდენობის გქონდეთ, რადგან პატარებს ძალზე ბევრი რამ სჭირდებათ.
მოსახერხებელი ტანსაცმელი (ჩვილის ბოდე, ქუდი, წინდები, ხელთათმანი), გამოსაცვლელი და მუსლინის საფენები, დასაბანი საშუალება, ჰიპოალერგიული ხელსახოცები და ბავშვის ნაზი კანისთვის სპეციალური დამატენიანებელი კრემი აუცილებელი ნივთების სიის განუყოფელი ნაწილია, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება პატარაზე მაქსიმალურად ზრუნვა. ასევე, შეგიძლიათ თან იქონიოთ ბავშვის საწოვარა და საკვები ბოთლი, თუკი გადაწყვიტეთ ხელოვნურად კვებოთ.
რა დაგჭირდებათ გამოწერის დღეს?
სამშობიაროდან გამოწერის დღე ემოციებით დატვირთულია და ყოველ დეტალს აქვს მნიშვნელობა. სპეციალურად ამ დღისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ განსაკუთრებული ტანსაცმელი როგორც თქვენთვის, ისე ჩვილისთვის, გამოსაყვანი ბუდე, თბილი პლედი და სურვილისამებრ სხვადასხვა აქსესუარი.
სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ სავალდებულოა იზრუნოთ ახალშობილის უსაფრთხო და მშვიდ მგზავრობაზე, რისთვისაც აუცილებლად დაგჭირდებათ საბავშვო ავტოსავარძელი, რომელიც მთელი ოჯახისთვის უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს.
წინასწარ სიის შედგენა და ყველაფრის მომზადება გაცილებით მოსახერხებელია, რადგან შემდგომ აღარ მოგიწევთ სიჩქარეში ფუსფუსი – უბრალოდ მშვიდად მიხვალთ არჩეულ სამშობიარო სახლში.
თუ ახალშობილის დაბადების მოლოდინში ხართ, დროა იმაზეც იზრუნოთ, რომ სახლში იდეალური პირობები დაახვედროთ პატარას, რაშიც Labebe Boutique დაგეხმარებათ – ყველაფრის შეძენას და ბავშვის ყოველი ეტაპის უზრუნველყოფას ერთ სივრცეში შეძლებთ.