ახალშობილის პირველი დღეები სახლში: რა უნდა იცოდეთ და შეგეძლოთ

16/09/2020
by BABYLAND ADMIN

ახალგაზრდა დედამ ბევრი რამ უნდა იცოდეს და შეეძლოს, რადგან ბავშვის გაზრდა დიდი პასუხისმგებლობაა. ის შეიძლება ავად გახდეს, საჭიროა მისი სწორად კვება და ჩაცმა - ეს ყველაფერი ჩვევებს და უნარებს მოითხოვს. დედა ამისთვის ბავშვის გაჩენამდე უნდა მოემზადოს. 

როცა ბავშვი იბადება, მას აპგარის შკალის მიხედვით ანიჭებენ ქულას, 0-10 ქულამდე. ყველზე ხშირად ბავშვები 7-იდან 8 ქულამდე ფასდებიან. 9 და 10 ძალიან მაღალი მაჩვენებელია და შედარებით იშვიათად გვხვდება ბავშვებში. თუკი მაჩვენებელი 6-ის ქვემოთაა, მაშინ ბავშვი ნეონატოლოგს უნდა გადასცენ გამოსაკვლევად, რომელიც დააკვირდება, რომ ჩვილს ჯანმრთელობის რაიმე სხვა პრობლემებიც არ ჰქონდეს.  

პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ისაა, რომ ბავშვს ადგილი გავუმზადოთ დასაძინებლად, უნდა ვიყიდოთ და გავშალოთ თეთრეული. ამის გაკეთება ხშირად მოგვიწევს. თეთრეული რომ გაშალოს, დედამ  ჩვილი ჯერ ფრთხილად უნდა აიყვანოს, თან ხელი უნდა მოჰკიდოს კისერთან,  რათა არაფერი დაუშავოს. ჩვილს ძალიან ნაზი კისერი აქვს. შემდეგ სუფთა ზეწრები უნდა დააგოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის საფენი და ზეწარი აუცილებლად ბუნებრივი მასალით უნდა იყოს დამზადებული - სასურველია, ბამბისა ან ფლანელისგან.  

მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ თქვენი პირმშო სიცოცხლის პირველ დღეებში ბევრს იძინებს - ჩვილებს ძალიან ბევრი სძინავთ. პირველი სამი-ოთხი კვირა მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ბავშვი მხოლოდ  საკვებისთვის გაიღვიძებს - სხვა დანარჩენ დროს მას სძინავს. 

ასევე არ გაგიკვირდეთ ისიც, რომ მშობიარობის შემდგომ, ჩვილი, რბილად რომ ვთქვათ, სანიმუშოდ არ გამოიყურება. ის იტირებს, სახე შესიებული ექნება. არ იქნება ისეთი მრგვალი, როგორებიც არიან ბავშვები სარეკლამო რგოლებში - ხშირად ჩვილები გამხდრები არიან, წვრილი ხელებით და ფეხებით, თავზე შავი თმა აქვთ მიწებებული. მაგრამ ორ-სამ თვეში ბავშვი აკრეფს წონას, თმაც დაულაგდება და გალამაზდება. 

თქვენ სასწრაფოდ უნდა შეიძინოთ ჰაერის დამატენიანებელი, რადგან მშრალი ჰაერი მავნეა ჩვილისთვის, მისთვის მტკივნეული იქნება ასეთ ჰაერში სუნთქვა. ნახეთქები გაუჩნდება და ხშირად იტირებს. ეს ხშირად იმ სახლებში ხდება, სადაც მშრალი ჰაერია. ამასთანავე ბავშვი ყოველთვის გამოსცემს რაღაც ხმებს. ის შეიშმუშნება, იკვნესებს, ისლუკუნებს - ეს ბუნებრივია, მიეჩვიეთ ამას. ოთახში ტენიანობა 60%-ზე მეტი უნდა იყოს, 20 გრადუსი კი იდეალური ტემპერატურაა. 

პირველი დღეები გამოიყენეთ, რათა ძალები აღიდგინოთ მშობიარობის შემდგომ - ამ დროს ჩვილს ხშირად სძინავს. 

პირველ დღეებში ჩვილის ბანაობა აბაზნაში არ შეიძლება - ის ფრთხილად უნდა ჩაბანოთ, რადგან ჭიპის ჭრილობა ჯერ არ არის მორჩენილი, ჭიპი მშრალად უნდა დატოვოთ, სანამ ბოლომდე არ მოხმება. აი, 9-10 დღიდან კი შეიძლება ჭიპი დავივიწყოთ და ჩვილი აბაზანაში დავბანოთ. 

თქვენ კარგად უნდა იკვებოთ, რათა ჯანსაღი ბავშვი გაზარდოთ და თავადაც შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა. მაგალითად, კალცი, რძის უმთავრესი კომპონენტია.  თუკი თქვენ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, და ამას დაჟინებით მოგვიწოდებენ ექიმები, თავად დაკარგავთ კალციუმს და სასურველია, რომ ის პროდუქტებისგან მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძვლები და კბილები დაგიზიანდებათ. 

საინტერესოა ისიც, რომ დედის რძე მთლიანად შეიწოვება და პირველი ოთხი დღე ბავშვს კუჭის მოქმედება არა აქვს. ეს კარგია და დედამ არ უნდა იდარდოს. 

უნდა დავიმახსოვროთ რამდენიმე რეფლექსი, რომელიც აქვთ ჯანმრთელ ბავშვებს - თუკი ხელისგულზე დააჭერთ, ის თითებს მოხრის, მოეჭიდება იმას, რასაც ხელში მისცემთ. თუკი ტერფზე გაუსვამთ ხელს, ბაბინსკის რეფლექსს გამოიწვევთ და ჩვილის თითები გაიშლება. ეს იმის ნიშნებია, რომ ბავშვი ჯანმრთელია.

Comments

No posts found

Write a review